d
 

მოკლედ „ტენილი“ ყველის საწარმოს შესახებ

 

მესაქონლეობა სოფელ ჭობარეთის მოსახლეობის საქმიანობის ერთ–ერთი ძირითადი დარგია. აქაური რძის პროდუქტები ხასიათდება მაღალი ცხიმიანობით და სპეციფიკური სასიამოვნო სურნელით. საქონლის მოვლის და რძის პროდუქტების დამზადების  ტრადიციული მეთოდები წინაპრებიდან შთამომავლობით გადაეცემოდა მოსახლეობას და ასე მოაღწია ჩვენს დრომდე. მესხეთში მზადდება რძის პროდუქტების ისეთი სახეობები, რომლებსაც საქართველოს სხვა კუთხეებში ვერ შევხვდებით. ერთ–ერთი ასეთი პროდუქტია „ტენილი“ ყველი.

„ტენილი“ ანუ დასამწიფებლად ქოთანში გატენილი ყველი მესხური სამზარეულოს ერთ–ერთი მარგალიტია. „ტენილი“ ყველი წარსულშიც და ამჟამადაც ცალკეულ ოჯახებში მცირე რაოდენობით მზადდებოდა და რძის პროდუქტების დელიკატესად ითვლება. მცირე რაოდენობით დამზადება განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახისთვის მისი დიდი რაოდენობით დამზადება არარენტაბელური იყო, ანუ „ტენილი“ ყველისთვის გამოიყენება ცხიმიანი რძის სრული რაოდენობა. მაშინ რაოცა იგივე რაოდენობის რძის გადამუშავებით შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე სახეობის პროდუქტის მიღება. ისეთების როგორიცაა ჩეჩილი ყველი, ნაღები (არაჟანი), კარაქი, ერბო და ა.შ. აქედან გამომდინარე, ოჯახურ პირობებში „ტენილი“ ყველი მზადდებოდა იმ რაოდენობით, რაც საჭირო იქნებოდა სადღესასწაულო დღეებისათვის და სტუმრის პატივსაცემად. ჭობარელ კაცს იშვიათად გაჰქონდა „ტენილი“ ყველი ბაზარზე გასაყიდად.  გარდა ზემოთაღნიშნულისა, „ტენილი“ ყველის დამზადებას სხვა სახეოობებისაგან განსხვავებით საკმაოდ დიდი ენერგია, დრო და შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის ფართი სჭირდება. ოჯახურ პირობებში ამ სახეობის ყველის დიდი რაოდენობით დამზადება ფაქტიურად შეუძლებელია. 

 

ბოლო 20–30 წლის განმავლობაში საქართველოში მომხდარმა ეკონომიურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა სოფლის მაცხოვრებლებზეც. თითოეული ოჯახი ცდილობდა რძის პროდუქტების იმ სახეობების დამზადებას, რომლებიც ადვილად გაიყიდებოდა, რათა გაყიდული პროდუტისგან შემოსული თანხა დროულად გამოეყენებინათ ოჯახისათვის საჭირო სხვა საქმიანობაში (ფქვილის, საწვავის და სხვა საჭიროებების შეძენა, მოხვნა, თესვა და ა.შ.). აქედან გამომდინარე, „ტენილი“ ყველი თანდათანობით სულ უფრო მცირე რაოდენობით მზადდებოდა და არ ექცეოდა ყურადღება მის დამზადების ტექნოლოგიის შესწავლას ახალგაზრდა თაობისათვის. „ტენილი“ ყველის დამზადების ტექნოლოგიის მცოდნე ისედაც მცირერიცხოვან ქალბატონთა უმეტესობა ასაკში შევიდა და ფაქტიურად დაიწყო პროცესი „ტენილის“ დამზადების ტრადიციის მივიწყებისა. ანუ „ტენილი“ ყველიც ჩადგა იმ ძველი მესხური ტრადიციული პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიის უკვე მივიწყებულთა სიაში, რომელთაც მხოლოდ მოხუცები იხსენებენ და ისიც იშვიათად. ჩვენს ეპოქაში ხომ დრო ძალიან სწრაფად გადის და სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდობას, ქალაქელების მსგავსად  მენტალიტეტი და  ინტერესთა სფერო ტელევიზიის და ინტერნეტის ზეგავლენით   ძალიან სწრაფად ეცვლება. ჩვენი ისტორიის და ტრადიციების არასაკმარისი ცოდნის გამო, წინაპრების მიერ ოფლითა და წვალებით ჩვენამდე მოტანილ ტრადიციული ძველი ქართული პროდუქციის სახელს კი ძალიან სწრაფად ეპატრონებიან უცხოტომელნი. ასოციაცია „მზიანეთის“ წევრებისათვის ძალინ მოულოდნელი და გულსატკენი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ რუსულ და უცხოურ ინტერნეტ საიტებზე ქართული ყველი „ჩეჩილი„ (დაჩეჩილი) უმეტესწილად მოხსენიებულია, როგორც  სომხური ეროვნული პროდუქტი, სახელწოდებით „ჩეჩილ“. თურქეთში მზდდება არაჟანში ამოვლებული ჩეჩილი ყველი („ტენილს“ მიმსგავსებული), რომლის ეტიკეტზე წერია: თურქული ტრადიციული ყველი „ტელილ“. მსგავსი ფაქტები ჩვენს რეალობაში საკმაოდ ბევრია.

ასოციაცია „მზიანეთის“ საქმიანობის ერთ–ერთ მიმართულებას ძველი ქართული ტრადიციული კვების პროდუქტების დამზადების მივიწყების პირას მისული ტექნოლოგიების აღდგენა და განვითარება წარმოადგენს. „მზიანეთის“ წევრებმა ამ მიზნით, პირველ რიგში  „ტენილი“ ყველის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამის საწარმოს პირობებში ტრადიციული მეთოდით დამზადება გადავწყვიტეთ.

„ტენილი“ ყველის დამზადებას სპეციფიკური ცოდნა და დიდი პრაქტიკული გამოცდილება სჭირდება. მცდარია ის მოსაზრება, რომ „ტენილი“ არის წვრილად დაჩლეჩილი ჩეჩილი არეული სოფლის ნაღებში. ჭობარელ უხუცესებთან საუბრისას დავადგინეთ „ტენილი“ ყველის დამზადების რამდენიმე მეთოდი. სხვადასხვა მეთოდით დამზადებულ „ტენილს“ შესაბამისად სხვა გემო და არომატი აქვს. ურთულესი აღმოჩნდა ნამდვილი „ტენილი“ ყველის გამკეთებელი ახალგაზრდა ასაკის პიროვნების მოძებნა, რომელიც სათავეში ჩაუდგებოდა ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეს, რადგან ასეთი პროფესიონალების ძირითადი ნაწილი 70 წელს არიან გადაცილებულნი და ფიზიკურად ვერ შესძლებდნენ საწარმოს პირობებში საქმიანობას. შემდეგ ეტაპზე შევისწავლეთ ბაზა საჭირო რაოდენობის რძის შესაგროვებელად და ჩამოვაყალიბეთ ბიზნეს იდეა. ბიზნეს იდეა მოიწონა ორგანიზაცია „მერსი კორპს“–მა და გადაწყვიტა ჩვენი წილობრივი მონაწილეობით დაეფინანსებინა პროექტი. „მერსი კორპს“–მა გარდა ფინანსური დახმარებისა უდიდესი დახმარება გაგვიწია საწარმოს ორგანიზაციული ფორმის ჩამოყალიბებაში და გარდა სუფთა წარმოებითი ფუნქციისა სხვა შინაარსობრივი დატვირთვის მიცემაში. კერძოდ, ახალი საწარმო ავაშენეთ ძველი მესხური ოდის გვერდით, რომელიც ჩვენი ძალებით აღვადგინეთ და მომავალში ის გამოყენებული იქნება როგორც საპრეზენტაციო დარბაზი. გარდა პრეზენტაციისა აღდგენილ მესხურ ოდაში ჩატარდება სხვადასხვა სახის შეხვედრები ასოციაციის მიერ მოწვეულ ცნობილ ადამიანებთან და სპეციალისტებთან ყველა საჭირბოროტო თუ საინტერესო საკითხებზე. 

 ასოციაცია „მზიანეთის“ წევრები დიდ მადლობას  უხდიან „მერსი კორპს“–ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელობას და ახალციხის ოფისის თითოეულ თანამშრომელს გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის.

დღეის მდგომარეობით, „ტენილი“ ყველის საწარმომ დაიწყო რძის მიღება და პროდუქციის დამზადება. პროდუქცია მართლაც კარგი და შესახედავადაც ლამაზი გამოვიდა. შევაფასებინეთ ძველ გამოცდილ „ტენილის“ მკეთებლებს, რომლებმაც შეგვიქეს ნახელავი. დამწიფების პროცესის შემდეგ ასოციაცია „მზიანეთის“ პროდუქცია გაიყიდება ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად „ტენილის“ სახელი მესხეთიდან საქართველოს ყველა კუთხეში გახდება ცნობილი, როგორც ნამდვილ ქართულ ტრადიციულ ყველთა  მრავალსახეობიდან ერთ–ერთი. საქართველოში მცხოვრები უცხოელების საშუალებით კი ქართული ყველის „ტენილის“ სახელი გაცდება საქართველოს ფარგლებს, რაც ძალიან გვახარებს. გარდა ამისა, საწარმოში დასაქმდა ჭობარეთში მცხოვრები 8 ადამიანი, საკმაოდ მაღალი ხელფასით, ხოლო რძის გაყიდვით დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა 30–მდე ოჯახს. საწარმოო სიმძლავრის გაზრდით დასაქმებულთა და რძის ჩამბარებელთა რაოდენობაც შესაბამისად გაიზრდება.

 ა.წ. აგვისტოს ბოლოს მონაწილეობას მივიღებთ ქ. სიღნაღში დაგეგმილ ყველის ფესტივალში, სადაც პირველად მოხდება ჩვენი პროდუქციის პრეზენტაცია ქართველი და უცხოელი მომხმარებლებისათვის. 

ასოციაცია „მზიანეთის“ წევრები უკვე ვგეგმავთ სხვა ძველი მესხური რძის პროდუქტების დამზადების ტექნოლოგიის აღდგენას და შემდგომში საწარმოო პროდუქტად გარდაქმნას.

„ტენილი“ ყველის საწარმოს ამოქმედებით, ასოციაცია „მზიანეთმა“ გარდა დასახული გეგმების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური წყაროს მიღებისა, შეძლო მთავარი აღარასოდეს აღარ მიეცემა დავიწყებას  მესხური ყველი „ტენილი“ და მისი დამზადების ტექნოლოგია.